კავკასიის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის (IPS) ორგანიზებით ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + პროექტის – Creation of the Graduate Curricula in Peace Studies in Georgia (PESTUGE) ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს პროექტის მონაწილე ოთხ უნივერსიტეტსა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწფიო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და პროექტის პარტნიორ ოთხ სახელმწიფო/არასამთავრობო უწყებას შორის. ესენი გახლავთ:
- საქართველოს პარლამენტის აპარატი
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია
მემორანდუმის ფარგლებში შეირჩევა 4 სტუდენტი თითოეული მონაწილე უნივერსიტეტიდან (სულ 16 სტუდენტი), რომლებიც 2018 წლის განმავლობაში 1 თვიან პრაქტიკას გაივლიან პროექტის პარტნიორ უწყებებში. მემორანდუმები ითვალისწინებს, პროექტ PESTUGE-ს ფარგლებში შემუშავებულ სასწავლო კურსებში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და დარგობრივი კომპეტენციების განმტკიცებას.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მონაწილე უნივერსიტეტებში დაინერგა ისეთი საგნების სწავლება, როგორიცაა: მშვიდობის თეორიები; მშვიდობისა და კონფლიქტის თეორიები; საერთაშორისო კონფლიქტები და სამშვიდობო პროცესები; სამშვიდობო პროცესების მენეჯმენტი; ნაციონალიზმი, ეთნიკური კონფლიქტები და სამშვიდობო ოპერაციები და სხვა. სულ 16 ახალი კურსი.
აღნიშნული მემორანდუმები წარმოადგენს უსდ-სა და სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორს შორის საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითს და ემსახურება ერთის მხრივ, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ხოლო მეორეს მხრივ, თანამედროვე სამეცნიერო ცოდნის მქონე ახალგაზრდების დაკავშირებას იმ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ასპექტებზე.